„მინდა, დავადასტურო, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა მუდმივად მოუწოდებს პუტინის ადმინისტრაციას და რუსეთის მთავრობას, გაიყვანოს ჯარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამას სხვადასხვა ფრონტზე ვაკეთებთ და ასეც გავაგრძელებთ“, – განაცხადა ტერეზა მეიმ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსეთის 23 დიპლომატს ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნის დატოვება მოუწევს. ეს გადაწყვეტილება პასუხია რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაზე. როგორც ტერეზა მეიმ 14 მარტს, პარლამენტში განაცხადა, მოსკოვმა არ დააკმაყოფილა ლონდონის მოთხოვნა და 13 მარტს, დღის ბოლომდე არ წარუდგინა იმის მტკიცებულება, რომ სკრიპალის მკვლელობის მცდელობასთან კავშირი არ აქვთ. ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ რუსეთისგან პასუხად მიიღეს მხოლოდ სარკაზმი და აღარ რჩება სხვა დასკვნის შესაძლებლობა გარდა იმისა, რომ რუსეთის სახელმწიფო დგას სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილზე თავდასხმის უკან.